"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ ყველა პარტიას მიმართავს, საჯაროდ და ინდივიდუალურად დააფიქსირონ პოზიცია - არიან, თუ არა მზად ხელი მოაწერონ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.
როგორც ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გაჯიუტებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად საქართველო ზიანდება, რადგან შესაძლოა, ევროკავშირმა ქვეყნისთვის 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს.
"სირცხვილია ასეთ რამეს, რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არამხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც - კიდევ უფრო ღრმა კრიზისში, რომ არ შევიდეს საქართველო ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ - მზად ხართ, თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია”,- წერს ელისაშვილი.