დღეს, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე. ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით, "ჯი-ეიჩ-ენ"-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სტამბოლში საქართველოს საკონსულო, თუმცა პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
"სტამბოლში საქართველოს საკონსულოში აღნიშნული ინციდენტის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო იფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გამოძიებას აწარმოებს თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები და საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა მათთან", - უთხრა "ჯი-ეიჩ-ენ"-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა.