მონაცემთა ბაზების შექმნის მზარდი ტენდენციისა და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იზრდება მონაცემების უკანონოდ გამოყენების საფრთხეებიც. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძალისხმევა ყოველწლიურად მიმართულია ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესებაზე. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავების 40 შემთხვევა შეისწავლა, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება 2019 წლის მონაცემებს.
სამსახურმა გამოავლინა 29 სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევ პირებს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მონაცემთა დამმუშავებლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო 61 დავალება და 8 რეკომენდაცია.
სამსახურის მიერ შესწავლილი პროცესები მოიცავდა როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში, მათ შორის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ერთ-ერთი მსხვილი ონლაინ გაყიდვების კომპანიის, სააფთიაქო ქსელების ელექტრონულ ბაზებში, ასევე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზის ელექტრონულ ბაზაში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას.
შესწავლის შედეგად, მათ შორის, გამოვლინდა, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებებს, როგორც წესი, არ აქვთ შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც რეგულირდება ელექტრონულ ბაზებში პერსონალური მონაცემების დამუშავების დეტალური წესები და პირობები, მონაცემებზე წვდომის მქონე პირთა უფლება-მოვალეობები; არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის ფარგლები და, როგორც წესი, დასაქმებულ პირებს მონაცემებზე წვდომა აქვთ საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით; დაწესებულებები, რიგ შემთხვევებში, არ აღირიცხავენ ბაზებში მონაცემთა დათვალიერების, გადმოწერის, წაშლის მოქმედებებს;
დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემების სიზუსტეს და მონაცემთა ბაზებს პერიოდულად არ აახლებენ; ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციებს არ აქვთ განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადები და მონაცემები ინახება და, რიგ შემთხვევებში, საჯაროვდება მას შემდეგაც, რაც უკვე მიღწეულია მონაცემთა დამუშავების მიზანი; გარკვეულ შემთხვევებში მონაცემთა დამმუშავებლები თანამშრომლებს არ აწვდიან ინფორმაციას და არ უზრუნველყოფენ მათ გადამზადებას მონაცემთა დამუშავების პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებზე.
აღნიშნული ზრდის მონაცემთა არაუფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომობის და მათი არასამსახურებრივი მიზნით დამუშავების რისკებს, მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების შემთხვევაში ართულებს ან შეუძლებელს ხდის კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას, აჩენს მოძველებული, არაზუსტი მონაცემების დამუშავების საფრთხეს, რაც უარყოფითად აისახება მონაცემთა სუბიექტის უფლებებზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.