31 მარტს, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ კულტურის კომიტეტის სახელით განცხადება გააკეთა ცნობილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო:
"დღეს მთელი საქართველო უსამძიმრებს ერთმანეთს ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას. მსურს კულტურის კომიტეტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს. ისევე როგორც არც ერთი თაობის ქართველს არ დაავიწყდება დღევანდელი დღე, 31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის დღე, ისე არავის დაავიწყდება ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი და ღვაწლი სამშობლოს წინაშე", - აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.
დღეს, 80 წლის ასაკში მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.