მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე დაფიქსირდა მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.
„ეპიდვითარების კუთხით, ბოლო ორი კვირაა, ტენდენცია გაუარესდა. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოვუწოდებთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ბოლო 2 დღეა, სერიოზულად ინტენსივდება აცრაზე მიმართვიანობა. გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, გუშინ კი 1000-ზე მეტი, მაგრამ ვიდრე ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება”, - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია.