"ქართულმა ოცნებამ" გუშინ გამოაცხადა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაზეც კი მათთვის აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პუნქტი მისაღები არ არის.
"პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილება და ვადამდელი არჩევნები. უნდა შევთანხმდეთ როგორც ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე, მელიას და რურუას გათავისუფლებაზე, ასევე პრინციპზე, რომ ქვეყანაში სრულდება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. ყველა პუნქტი, რომელიც მიშელის გეგმაში იყო ჩამოთვლილი, ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. „ქართულმა ოცნებამ", მათ შორის იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, გამოხატა საკუთარი თავშეკავებული პოზიცია. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გამოაცხადა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ, საარჩევნო რეფორმაც კი მათთვის აღმოჩნდა, რომ ყველა მისი პუნქტი მისაღები არ არის. ჩვენი მხრიდან კომპრომისი ამ დოკუმენტის მიხედვით და ჩვენს წინადადებებში იყო ძალიან ბევრი. მაგალითად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას სურს ვადამდელი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად, ამის მიუხედავად, ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო პლებისციტზე, რაც არის ჩვენი მხრიდან კომპრომისი. ამნისტიის შეთავაზება 20 ივნისის თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო მოცემულ დოკუმენტში, არ არის მარტივი გადაწვეტილება. ეს არის სწორედ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პოპულარული ბევრ ოპოზიციის მხარდამჭერში. მაგრამ ჩვენ გუშინ არ დაგვიბლოკავს ეს საკითხი. საზოგადოება რაც უფრი მეტ ინფორმაციას გაიგებს გუშინდელ შეხვედრაზე, დარწმუნდება, რომ მზადყოფნა ჰქონდა ოპოზიციას, მართლაც მიღწეულიყო შეთანხება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.