80 წლის ასაკში მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა.
"მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია!
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
როგორც ცნობილია, ანზორ ერქომაიშვილი COVID 19-ის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.