საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი "ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში", რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.
კონცერტების მიზანი, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისებაა. მნიშვნელოვანია. რომ კონცერტების სერია გარკვეულწილად უკავშირდება ორი დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისა და რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს აღნიშვნასაც.
საქართველოს პრეზიდენტის სურვილია, რომ პანდემიის პირობებში, რომლებმაც განსაკუთრებულად შეაფერხა ქვეყანაში კულტურული პროცესები, ახალგაზრდა შემსრულებლებს: სტუდენტებს, მოსწავლეებს, ახალგაზრდა კომპოზიტორებს მიეცეთ კონცერტების გამართვისა და მათი ხელოვნების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის საშუალება.
კონცერტები ორბელიანების სასახლეში პანდემიის რეგულაციების სრული დაცვითა და გათვალისწინებით ჩატარდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოში არსებულ სამუსიკო სასწავლებელბს მიიღონ მონაწილეობა პროექტში და სურვილის შემთხვევაში მიაწოდონ ინფორმაცია სასწავლებლის მოსწავლეების/სტუდენტების, მუსიკალური ანსამბლების შესახებ, რომელთა რეპერტუარშიც არის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.