შეიძლება წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როცა არ იქნება ეპიდსიტუაცია კრიტიკული, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე არსებული შემზღუდავი ღონისძიებების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ აკრძალვის მიუხედავად, ქორწილები და ქელეხები მაინც იმართება. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურება მოსახლეობის მიერ არასწორად არ უნდა იყოს აღქმული.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გაიგონ, რომ ქორწილები და ქელეხები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეპიდემიის გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება წუხილი და დღესასწაულები გადავდოთ იმ პერიოდისთვის, როცა არ იქნება ეპიდსიტუაცია კრიტიკული.
ვხედავთ, რომ წარმატებით მოვახერხეთ სიტუაციის დასტაბილურება, თუმცა მოქალაქეებისთვის რატომღაც ეს დადებითი მესიჯი გახდა და ისევ დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რის უფლებასაც პანდემია არ გვაძლევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.