კვირის ბოლოს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინური ვაქცინა დამტკიცებულია მკაცრი მარეგულირებლის მიერ.
„თქვენ იცით, რომ ჩინური ვაქცინა დამტკიცებულია მკაცრი მარეგულირებლის მიერ“, - თქვა ტიკარაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელი მკაცრი მარეგულირებლის მიერ არის დამტკიცებული, მინისტრმა თქვა, რომ ეს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებელია.
საქართველოში ჩინური კომპანია Sinopharm-ის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.
BBIBP-CorV - არის ერთ-ერთი COVID-19-ის საწინააღმდეგო იმ ვაქცინებიდან, რომელიც კომპანია Sinopharm-მა შეიმუშავა. Sinopharm -ის ინფორმაციით, ვაქცინამ გამოცდისას 79.34% ეფექტურობა აჩვენა. თუმცა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, რომელმაც ვაქცინა იანვარში დაამტკიცა, განაცხადა, რომ მესამე ეტაპის საცდელი შუალედური შედეგების თანახმად, ვაქცინა ეფექტურია 86%-ით. ხოლო კორონავირუსის დაავადების მძიმე მიმდინარეობისას 100%-ით იცავს.
საერთაშორისო აღიარებას ხელს უშლის რამდენიმე ფაქტორი - ერთი ის, რომ კომპანიას ჯერაც არ გამოუქვეყნებია მე-3 კლინიკური ეტაპის დეტალური შედეგები. ამასთან, Sinopharm-ის დასჭირდება საზღვარგარეთ ჩატარებული III ფაზაში ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების შედეგების შეფასება, რათა დადგინდეს, ორი რეკომენდებული დოზის შემდეგ საჭიროა თუ არა მესამე - გამაძლიერებელი დოზის მიღება, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევებში ორმა რეკომენდებულმა დოზამ საკმარისი იმუნური რეაქცია არ გამოიმუშავა.