საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებთან ორი შეხვედრა გამართეს და, კონსენსუსის საფუძველზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. იუწყება კულტურის სამინისტროს პრესამსახური.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე (მათ შორის, კირდუღაბის შემადგენლობისა და ხარისხის) კვლევის ჩატარების; უკვე დაგებული წითელი მოჭიქული კრამიტიდან ნიმუშების აღებისა და მათზე ექსპერტიზის ჩატარების; ასევე, წყალამრიდების მოწყობის პროექტის უმოკლეს ვადაში შემუშავების თაობაზე.
შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ერთხმად აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია. "ეს სამუშაო საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რაც სავალალოა ქვეყნის ბიუჯეტისა და ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე უწყებისათვის, როგორიც საქართველოს კულტურის სამინისტროა." - განაცხადეს შეხვედრისას მინისტრმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.