ჩინეთში, "მის მსოფლიოს 2010"-ის კონკურსზე, სკანდალი აგორდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი "მის ნორვეგია" მარიან ბირკედალი ჩინეთსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური უთანხმოების გამო ფინალისტების ხუთეულში არ შეიყვანეს.
კონკურსს მსოფლიო მასშტაბით მილიარდზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. მაყურებელთა უმრავლესობა შოკში აღმოჩნდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 23 წლის "მის ნორვეგია" მარიან ბირკედალი პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსის ჟიურიზე ზეწოლას პეკინიდან ახდენდნენ. როგორც აღმოჩნდა, ოფიციალური ჩინეთი ამ დრომდე აღშფოთებულია იმის გამო, რომ ნობელის პრემიის კომიტეტმა, რომელიც ოსლოში მდებარეობს, ჩინელ დისიდენტს ლიუ სიაობოს ნობელის პრემია მიანიჭა. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.
ნორვეგიელი ტელეწამყვანი ქეთრინ სორლანდი, დარწმუნებულია, რომ სილამაზის კონკურსზე გავლენა სწორედ ჩინეთის პოზიციამ მოახდინა. მისი თქმით, "მის მსოფლიო" ყოველთვის იყო პოლიტიკური კონკურსი, ჩინეთსა და ნორვეგიას შორის კი ამ დროისთვის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა. თავად მარიან ბირკედალი დასკვნების გამოტანისაგან თავს იკავებს და საჯარო განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს.