უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, - თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს.
„ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი ნაწილი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ, ყველანი, მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ.
მაცხოვარი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“.
უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის.
ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს! უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ ობლად.
განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით.
ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.
ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში“, - თქვა პატრიარქმა და ანიშნა, რომ სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის სულიერი წინსვლისთვის.
„დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაჯილდოვოთ მოძღვარი. დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდეს მეორე ჯვრის ტარების უფლებით, აქსიოს! მშვიდობა სუფევდეს თქვენში და თქვენს გარშემო, გაიხარეთ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - თქვა პატრიარქმა