ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზის ჩახერგილი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაო დასრულებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ, გივი ამირხანაშვილმა განუცხადა, გზაზე მოძრაობა რამდენიმე წუთის წინ აღდგა.
მისი განმარტებით, გზის გაწმენდითი სამუშაოს ფარგლებში კლდის ნაშალი ლოდები გაბურღეს, რაც ჯერ სპეციალური ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაიტენა, შემდეგ კი მისი აფეთქება მცირე მუხტებით მოხდა, რათა დანარჩენი კლდის ჩამონგრევა არ მომხდარიყო.
"აფეთქების შემდეგ გზაც გაიწმინდა. სამუშაო ცოტა ხნის წინ დასრულდა, გზაზე მოძრაობა კი რამდენიმე წუთის წინ აღდგა", - განუცხადა ამირხანაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ლარსის საავტომობილო გზაზე ძლიერმა წვიმამ კლდე ჩამოშალა, რამაც გზა ჩაკეტა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაო დღეს დილიდან დაიწყო.