7 ნოემბერს თელავში "ერეკლეობა" გაიმართება. ერეკლე II-ის 290-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებების ორგანიზებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კულტურის სამსახურს 7 000 ლარი გამოეყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, მიხეილ დაღუნდარიძის განცხადებით, თელავის ცენტრში, ერეკლე მეფის სასახლესთან, დაიდგმება ფაცხები, სადაც მომზადდება ქართული ტრადიციული კერძები, მოეწყობა გამოფენებიც.
"კულტურის სახლში მთელი დღის განმავლობაში იქნება უფასო წარმოდგენები როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის", - აღნიშნა დაღუნდარიძემ.