25 მარტს საქართველოს სახალხო მხატვრის თემო გოცაძის 80 წლის იუბილეა.
ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა კულტურის მთავარ ინსტიტუციებს საქართველოში.
1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, შემდეგ კი მთავარი მხატვარი იყო.
ათ წელზე მეტი ის საქართველოს მხატვრის სახლის, ხოლო შემდგომი ოცი წელი სურათების ეროვნული გალერეის დირექტორი იყო. მისი თაოსნობით ეროვნულ გალერეაში პერმანენტულად ეწყობოდა ქართველ მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო ექსპოზიციები, პერსონალური და თემატური გამოფენები. მხატვარი წლების მანძილზე აქტიურ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელს უკავშირდება მხატვართა თაობების გაზრდა და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართვა.
თემო გოცაძე არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, ხელოვნების ქურუმისა მიხეილ თუმანიშვილის პრემიების მფლობელი.
თემო გოცაძეს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხატვრის კოლექციები დაცულია მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გელერეებში.