მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 42% აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად.
ამავე კვლევით, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.
“ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი”, - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
კვლევის თანახმად, ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).
მოქალაქეები „კოვიდ-19“-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74 პროცენტი) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68 პროცენტი) გამოარჩევენ.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.