საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის შარლ მიშელს ამ გადაწყვეტილებისთვის.
"დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს არის მკაფიო ნიშანი, რომ ევროკავშირი არსად არ მიდის. ჩვენ ველოდებით კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას, მანამდე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილას დააყენონ ქვეყანა და იმუშაონ დეპოლარიზაციისთვის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის, - წერს ზურაბიშვილი.
ცოტა ხნის წინ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება.
მანამდე, ბრიუსელში გამართულ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მისიის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციას 12 მარტიდან უწევდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. 18 მარტს გამართული ერთობლივი შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა.