ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი. რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
ელისაშვილის განცხადებით, როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია.
"ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის არის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პოლიტიკური მართლმსაჯულების, ასე პირდაპირ რომ წერია, მათ შორის პროკურატურის, მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი და ხელს რომ კრავ, გადააგდებ მაგიდიდან იმ მოტივით, რომ ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი გინდა. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ამოწურა თავისი თავი. თითქმის ნახევარი წელი გავიდა 31 ოქტომბრის შემდეგ, ამოწურა, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. როდესაც მაგიდაზე დევს ისეთი ისტორიული საკითხი, როგორიც არის სასამართლოს და პროკურატურის რეალური რეფორმა, არა რაღაც ტყუილი ტალღები, არამედ რეალური რეფორმის საკითხი და ამაზე უარს ამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა იყოს ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს არის ჩემთვის უბრალოდ აუხსნელი და გამაოგნებელი. ეს საკითხი მოლაპარაკებათა მაგიდაზე იდო და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჰქონდათ კონცენტრირებული ყურადღება ჩვენს პარტნიორებს. იქით იყო საკითხი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილების, საარჩევნო რეფორმირების საკითხი და რაც იქ ეწერა, ყველაფერი ჩვენს კანონპროექტში ასახულია. ასევე, პოლიტიკური მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი. პოლიტპატიმრების საკითხზე იყო სურვილი, რომ ეს მოლაპარაკების მიღმა გასულიყო, მაგრამ რაღაც გადაწყვეტის გზამდე მივსულიყავით. „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო საკითხი, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ აიღებდა 40%-ზე ნაკლებს, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა მიუღებელია ოპოზიციისთვის", - აცხადებს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დამთავრდა.