საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სსიპ გ. კიკნაძის სახელობის ქ.თბილისის N182 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით წიგნები გადასცა. კერძოდ, სკოლას გადაეცა სემეკის დაკვეთით სპეციალურად მოსწავლეებისათვის შექმნილი მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ, რომელიც მათ დაეხმარებათ ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში.
სემეკი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიცაა ენერგოეფექტიანობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებსა და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა ბავშვებისთვის, ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის ფარგლებში - „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი - ჟირაფი ჟოზე; შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ. კამპანია ითვალისწინებდა ლექციების ჩატარებას ელექტროენერგიის წარმოებისა და რაციონალური მოხმარების, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილების შედეგად მიღებული დადებითი გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. კამპანიის ფარგლებში დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალა, როგორიცაა საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები.