მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა.
„ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა. გავმართეთ შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ კრიზისის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ერთად. უნდ აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არის ყველას მიერ აღიარებული, ამიტომ ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე მოვისმინეთ მათი შეფასებები არჩევნებზე, რომელიც მათი შეფასებით არის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიცაა კოვიდპანდემია, ეკონომიკურ პრობლემები, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. ასევე, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ნატო-ში. კიდევ ერთხელ, შეჯამება მოხდა იმ პროგრესის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პროგრესი, რასაც ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.