„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღევანდელი მოლაპარაკებები მძიმე და რთული იყო.
თუმცა, მისი თქმით, კარგია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკების პროცესში რჩება, რაც კრიზისიდან გამოსვლის შანსს იძლევა.
„ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკების დღე იყო. ანუ, ის, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია არის ძალიან დიდი, დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს ამ პროცესის გაგრძელებით, მისი პოლიტიკური პატრონაჟით და მისი მონაწილეობით, მისი მედიატორის, დანიელსონის მოწვევით.
ის, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ აქ არის და ხვალაც რჩება, ეს არის კარგი, ჩვენი ქვეყნისთვის შანსის მომცემი, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ მოლაპარაკებების შედეგად. მაგრამ, თვითონ მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და რთული და ხვალ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ვერაფერს გეტყვით მეტს, გარდა იმისა, როგორც დავახასიათე. რთული და მძიმე მოლაპარაკებები იყო და ჩვენ ჯერ შედეგი არ გვაქვს. კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამ ფონზე, რომელიც შექმნა საქართველოს ხელისუფლებამ, აგრძელებს პოლიტიკურ ინვესტიციას და დღესაც იყო და ხვალაც იქნება მოლაპარაკებები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.