გამარჯობა, გმადლობთ, არაფრის, მიირთვით, მიბრძანდით - ეს სიტყვები ნებისმიერი ზრდილობიანი ადამიანის ლექსიკონში მოიპოვება, თუმცა, არსებობენ კიდევ სხვა "ზრდილობიანი ადამიანები", რომლებსაც, რეალურად, მორალური ღირებულებების დაცვასთან ან ზრდილობასთან არანაირი კავშირი არა აქვთ. ამ ადამიანებს "ზრდილობიანები" სულ სხვა დატვირთვით და ვირუსულად დაერქვათ, მეორენაირად მათ "მწვანე კაცუნებსაც" უწოდებენ.
გამოთქმა "ზრდილობიანი ადამიანები" 2014 წლის თებერვალ-მარტში გაჩნდა - მაშინ, როცა ყირიმის სტრატეგიული ობიექტები მწვანე სამხედრო ფორმებში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა დაიკავეს. მათ არც განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდათ და არც რომელიმე ქვეყნის არმიის ოფიციალური ფორმა ეცვათ. ისინი ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლებთან კონტაქტში არ შედიოდნენ, ავტომატებით ხელში, ნებისმიერ ვერბალურ ურთიერთობაზე უარს ამბობდნენ. ისინი ყირიმში ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გამოჩნდნენ.
ერთ-ერთი უკრაინული მედიაპორტალი 2014 წლის 28 თებერვალს ასეთ ცნობას ავრცელებდა: "დაახლოებით, ღამის 01 საათზე სიმფეროპოლის აეროპორტი აიღეს იმავე ადამიანებმა. შეიარაღებულები იყვნენ, ძლიერები, ასეთ ტანსაცმელში ჩაცმულები. დაცვის უფროსმა თქვა, რომ მის ხალხს ზრდილობიანად სთხოვეს გარეთ გასვლა".
რაც შეეხება მათ მეორე დასახელებას - "მწვანე კაცუნები", ყირიმელებმა ეს სახელი ამ შეიარაღებულ ადამიანებს კამუფლაჟის ფერის და, ასევე, იმ დროისთვის ბოლომდე გაურკვეველი წარმომავლობის გამო დაარქვეს. თუმცა, მალევე ნათელი გახდა, რომ განმასხვავებელი ნიშნების გარეშე ყირიმში შეჭრილი ჯარისკაცები რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. იმ სახელმწიფოს სახელი, რომელმაც ეს დესანტი გადასხა, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მედიაში, ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტებშიც და ზოგიერთი დამოუკიდებელი რუსული მედიის ფურცლებზეც მაშინვე გამოაშკარავდა. მაგრამ 2014 წლის 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და 2014 წლის 5 მარტს თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადეს, რომ შეიარაღებული პირები, რომლებიც ყირიმში სამხედრო ობიექტების ბლოკირებას ახდენდნენ, რუსეთის არმიის წარმომადგენლები არ არიან.
ჟურნალისტების კითხვაზე, არიან თუ არა ეს ადამიანები რუსეთის არმიის მოსამსახურეები, პუტინმა უტიფრად უპასუხა: "შეხედეთ პოსტსაბჭოთა სივრცეს, იქ არსებობს უამრავი სამხედრო ფორმა, რომელიც რუსეთისას ჰგავს. შეგიძლიათ, მაღაზიაში შეხვიდეთ და იყიდოთ კიდეც".
2014 წლის 17 აპრილს კი პუტინმა თქვა, რომ ყირიმის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის დროს, რომელიც 2014 წლის 16 მარტს ჩატარდა, რუსი ჯარისკაცები "თავისუფალი ნების გამოხატვისთვის პირობებს უზრუნველყოფდნენ". ამის შემდეგ, 2014 წლის 24 ოქტომბერს მან ასევე ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვა, რომ უკრაინული ჯარის დანაყოფების ბლოკირება რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა მოახდინეს. ამას გარდა, მისი პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებდა, რომ "ზრდილობიანი ადამიანები" ყირიმში მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მომენტში გამოჩნდნენ და არა - მანამდე. საბოლოო აღიარება კი იმისა, რაც რუსეთმა ყირიმში ჩაიდინა, დოკუმენტურ ფილმში - "ყირიმი. სამშობლოში დაბრუნება" მოხდა, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების წლისთავის აღსანიშნავად გამოვიდა.
2014 წელს რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა პოლიტიკური არეულობა უკრაინაში და ყირიმის ანექსიის გეგმის განხორციელებას შეუდგა. კრემლის იარაღი ჰიბრიდული ომის ყველა მექანიზმს მოიცავდა, მათ შორის იყო ჯერ პროპაგანდისტული შტორმის ატეხვა და შემდეგ - "მწვანე კაცუნების" გაგზავნა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. არადა, რუსეთს ჯერ კიდევ 1994 წლის 5 დეკემბერს ჰქონდა ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლითაც ის უკრაინის მთლიანობას აღიარებდა. ამ შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ უკრაინული ყირიმის ანექსირება რუსული დანაყოფების მეშვეობით მოახდინა, რომლებმაც მინისტრთა საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება მოახდინეს.
2014 წლის 16 მარტს ყირიმში მოსკოვის მიერ ინიცირებული რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგების თანახმად, ყირიმი რუსეთის ფედერაციას შეუერთდა. 2016 წლის დეკემბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთის ფედერაცია დასახელებულია, როგორც "ოკუპაციის მომხდენი სახელმწიფო", ხოლო ნახევარკუნძული - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად.
ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევები აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს ოკუპაციის პარალელურად. მართალია, 2008 წელს საქართველოში პუტინს "ზრდილობიანი ადამიანები" არ გამოუგზავნია, თანაც საქართველოს ტერიტორიაზე მას ოფიციალური "მშვიდობისმყოფებელები" უკვე ჰყავდა ჩაყენებული, რომლებსაც ისეთივე კავშირი აქვთ მშვიდობასთან, როგორც "ზრდილობიან ადამიანებს" ზრდილობასთან, თუმცა, რეალურად, კრემლის ჯარები ხომ საქართველოს საზღვარზე ისეთივე მოგონილი საბაბით შემოიჭრნენ, როგორც ეს შემდეგ უკრაინაში მოახდინეს. უკვე წლობით დაგროვილი გამოცდილებით გამოჩნდა, რომ პუტინს შეუძლია, ნებისმიერი მიზეზი თუ საბაბი გამოიყენოს ან თავად შექმნას ასეთი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაცია მოახდინოს. და როდესაც ამას აკეთებს, შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებს ერთ დიდ რუსულ სამხედრო ბაზად აქცევს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ უფლებებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
ანექსიის შემდეგ, ამ წლების განმავლობაში ყირიმის ნახევარკუნძულზე ყირიმელი თათრების დევნა მიმდინარეობს - მათ ციხეში სვამენ, აწამებენ, კლავენ. ის ადამიანები, რომლებსაც პროუკრაინული შეხედულებები აქვთ, ეფ-ეს-ბე-ს რეპრესიული მანქანის მსხვერპლები ხდებიან. მას მერე, რაც 2014 წლის 21 მარტს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ყირიმის მიერთების შესახებ, ნახევარკუნძული, რომელიც მანამდე რეგიონული მასშტაბის კურორტად ითვლებოდა, ერთ მთლიან სამხედრო ბაზად იქცა, ყირიმის მოსახლეობის კეთილდღეობა საგრძნობლად დაეცა; იმისთვის, რომ არსებობა შეძლონ, ყირიმელები იძულებულები არიან, რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ, ხოლო იმ უკრაინელებს, რომლებსაც ყირიმში ქონება გააჩნდათ, მის განკარგვას არ შეუძლიათ. ყირიმელი ქალები კრასნოდარში იმის გამო მშობიარობენ, რომ მათ შვილებს მომავალში ევროპაში მოხვედრის უფლება ჰქონდეთ, სხვადასხვა უცხოურ საიტზე შეკვეთების გასაკეთებლად, მისამართებს შეცდომით განზრახ წერენ, აქვთ მინიმალური შემოსავალი და მოსკოვის დონის ფასები. თუმცა, უკვე შეეგუენ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოსგან არაღიარებისთვის განწირულები არიან. და მათი ბედიც ძალიან ჰგავს საქართველოს იმ რეგიონების მაცხოვრებლების ბედს, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული.
2021 წელი საქართველოსა და უკრაინისთვის დიდი საგარეო გამარჯვებით დაიწყო - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე, პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. დადგინდა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და, აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის. სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
მანამდე კი, 2021 წლის 14 იანვარს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა თანხმობა, დაიწყოს სახელმწიფოთაშორისი სარჩელის "უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (ყირიმის თაობაზე)" ნაწილობრივი განხილვა. საუბარია მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყირიმში 2014 წლის 27 თებერვლიდან 2015 წლის 26 აგვისტომდე.
სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ მიიღო "საკმარისი მტკიცებულება" იმის თაობაზე, რომ რუსეთმა "ყირიმზე ეფექტური კონტროლი" სწორედ 2014 წლის 27 თებერვლიდან განახორციელა. აქამდე კი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთისთვის ყირიმის მიერთების შესახებ გადაწყვეტილება თვითონ ყირიმელებმა "რეფერენდუმზე" 2014 წლის 16 მარტს მიიღეს და კრემლმა მაშინ უბრალოდ დახმარების ხელი გაუწოდა, არანაირ კონტროლს არ ახორციელებდა. ახლა კი ევროპულმა სასამართლომ ერთგვარი წერტილი დასვა იმ დისკუსიაში, რომელიც ეხება ყირიმის ანექსიის დაწყების თარიღს.
ევროპული სასამართლოს დასკვნით, ეს მოხდა არაუგვიანეს 27 თებერვლისა - ეს არის დღე, როდესაც რუსეთის მიერ გაგზავნილი სამხედროები ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადის წინ გამოჩნდნენ. ფაქტობრივად, სასამართლომ აიღარა, რომ ჯერ კიდევ სამი კვირით ვიდრე "რეფერენდუმამდე" რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ნახევარკუნძულის ოკუპირების ოპერაცია, ხოლო ეს იმას ნიშნავს, რომ "რეფერენდუმზე" არანაირი მშვიდობიანი ნების გამოხატულება არ მომხდარა. ამ გადაწყვეტილებით ევროპული სასამართლო კრემლის მითების გაქარწყლებას ახდენს და პუტინის საგარეო პოზიციების რყევას მყარ საფუძველს უდებს. და რამდენიც უნდა აცხადოს ახლა რუსულმა პროპაგანდამ, რომ ევროპულმა სასამართლომ ამ საჩივრის რიგი პუნქტების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა (როგორც საქართველოს საჩივრის შემთხვევაშიც ამბობს), ნათელია ერთი რამ: ეს გადაწყვეტილება უკრაინის პირველი დიდი გამარჯვებაა ნახევარკუნძულის დაბრუნების გზაზე. უკრაინის წიაღში ყირიმის დაბრუნების პროცესი იწყება. ხოლო ორივე ავტორიტეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ერთობლივად დიდ გამარჯვებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისთვის, ოკუპაციასა და ერთ კონკრეტულ ოკუპანტთან ბრძოლაში.
გოჩა სალუქვაძე