დღეს შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც ყველა პარტია ესწრება.
"დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს სავარაუდო შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა 16:00 საათზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაიწყება.
კრისტიან დანიელსონი რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მანამდე ის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავდა.
კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციას 12 მარტიდან შეუდგა. მედიაციის პროცესში მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.