ქართველმა ვეტერანმა და ახალგაზრდა ჩოგბურთელებმა კლუბ "დინამოს" ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კლუბ "დინამოს" შესაძლო გაუქმებას აპროტესტებენ.
სამოყვარულო ჩოგბურთის საზოგადოების პრეზიდენტმა მირიან ანდრიაძემ განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 25 ოქტომბერს, კლუბში მივიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და მათ კლუბის ხელმძღვანელ პირებს განუხცადეს, რომ თვის ბოლომდე - 31 ოქტომბრამდე, დაეცალათ შენობა, რადგან კორტების ტერიტორიაზე, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება, უკვე დღეიდან უნდა დაწყებულიყო მშენებლობები.
ვეტერანი ჩოგბურთელები განმარტავენ, კორტების ნაცვლად ნებისმიერი ტიპის მშენებლობის წამოწყება გაუმართლებელია.
ვეტერანი სპორტსმენების განცხადებით, მათ შესაბამისი მიმართვა გაუგზავნეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს და ასევე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ასანიძეს და მოუწოდეს, რომ აღნიშნული სპორტული კლუბი არ დაიხუროს.
საჩოგბურთო კლუბი "დინამო" 1940 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მის ტერიტორიაზე 11 საჩოგბურთო მოედანი ფუნქციონირებს.