როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, კორპუსს დაიდგამს, ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი, - თქვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი კორპუსის აშენება დაუშვებელია.
"ბათუმში ყველამ ვიცით, რომ არის ბულვარი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული ძეგლის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აშენება არაფრის არ შეიძლება, არადა ცხრამეტსართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა, ბათუმელები აპროტესტებენ, სამი თვეა, მათ ყურს არ უგდებს არავინ. როგორც ჩანს, ბატონ რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, კორპუსს დაიდგამს, ისე ივლის და არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და ეს სამი უკვე ცხრამეტამდე ავიდა. და ასე გეომეტრიული პროგრესიით ამ კორპუსის სართულიანობა იზრდება", - განაცხადა ელისაშვილმა.