ბერძნული მხარე სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდას არ აპირებს.
ამის შესახებ მედიას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
"მოლაპარაკებები მეკობრეებსა და გემთმფლობელ კომპანიას შორის მიმდინარეობს. ჩვენ მხოლოდ ამ უკანასკნელთან გვაქვს კონტაქტი და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბერძნული მხარე უარს აცხადებს იმ თანხის გადახდაზე, რომელსაც სომალელი მეკობრეები ითხოვენ, რადგან თანხა მართლაც არარეალურია", - განუცხადა კალანდაძემ დღეს ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ბორტზეც საქართველოს 13 მოქალაქე იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს.