ოპოზიცია არა თუ დეტალებზე საუბრობს, არამედ ამ დეტალებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, თუკი ოპტიმიზმის საფუძველს რაიმე იძლევა, მათ შორისაა დანიელსონის გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დარჩა, რათა მისი მედიაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება გაგრძელებულიყო.
"სამწუხაროდ, ვერაფერზე მინიშნებას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზედმიწევნით ვიცავთ ერთ-ერთ მთავარ შეთანხმებას, რომ საკითხებზე არ ვილაპარაკოთ. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ასე არ ხდება! ოპოზიცია არა თუ დეტალებზე საუბრობს, არამედ ამ დეტალებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ცუდი ხომ არის, რომ მოლაპარაკების დეტალებზე არ უნდა ილაპარაკო და მაინც ლაპარაკობ, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე რამაა, როცა ამ დეტალების გარშემო არასწორ ინფორმაციას ავრცელებ. ჩვენ საშუალება გვექნება მოლაპარაკების დეტალებზე ბევრი ვილაპარაკოთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგება.
არ შეიძლება არც „წითელ ხაზებზე“ და არც სხვა დეტალებზე საუბარი. საუბარი შეიძლება მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი და გამომდინარეობს სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან" - განუცხადა მამუკა მდინარაძემ.