ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დანიელსონმა პრეზიდენტის რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა.
მანამდე დანიელსონმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტ შარლ მიშელისგან დასახული აქვს ამოცანა, დაეხმაროს მედიაციას და სწორედ ამიტომ დარჩა თბილისში.
კრისტიან დანიელსონის თქმით, არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები.
"ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა პრეზიდენტთან მექნება შეხვედრა. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება", - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.