"საკითხები, რომლებიც შარლ მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება. ჩვენი პოზიციაც ესაა" – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.
გიგა ბოკერიას შეფასებით, შარლ მიშელის მიერ "მოხაზული საკითხები" ისაა, რაზეც უნდა მოხდეს პროგრესი.
„შემიძლია, მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის, რომ მოწადინებული ვართ, მოლაპარაკებები დასრულდეს შეთანხმებით. ბუნებრივია, ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც ვერ გადაწყდება ორ და სამ დღეში, მაგრამ უნდა გადაწყდეს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, და არის საკითხები, რომლებიც სწრაფად უნდა გადაწყდეს, იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს აზრი ჰქონდეს.
„ასეთია პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნებისკენ სვლის საკითხი", – ამბობს გიგა ბოკერია და აღნიშნავს, რომ მათი სურვილია, მოლაპარაკებები დასრულდეს გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა.
„რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, რაღაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ ისეთი შემთხვევის გამოცდილება, რომ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ეთქვას, კარგად ბრძანდებოდეთ ისე, რომ ჯერ მედიატორის პოზიცია არ ყოფილიყო ცნობილი და შემდეგ გარკვეულიყო, რომ მედიატორი რჩება, ასეთი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს”, - თქვა ბოკერიამ.