ოთხი ტურისტული სააგენტოს მხარდაჭერით ივნის-სექტმბრის თვეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ვიზიტორთა 91.4%-ზე მეტი ისევ აპირებს აჭარაში დასვენებას. 8% ფიქრობს, თუ შესაძლებლობა ექნება, მომავალ წელს სხვაგან დაგეგმოს საზაფხულო დღეების გატარება.
1600-ი გამოკითხული ვიზიტორიდან არცერთი არ აღნიშნავს, რომ აღარ ეწევევა აჭარას. გამოკითხულთა 38% საოჯახო პანსიონატებით სარგებლობდა, 27% საშუალო კლასის სასტუმროებით, ხოლო დანარჩენებმა მაღალი კლასის კომფორტი აირჩია.
საოჯახო პანსიონატებით კმაყოფილებას გამოთქვამენ ადლიის, გონიოსა და კვარიათის დამსვენებლები, ხოლო ბათუმისა და ქობულეთის საოჯახო პანსიონატების დამსვენებელთა 40%-ზე მეტი არაკომფორტულობისა და მაღალის ფასების გამო არჩევენ მთლიანად დაიქირაონ კერძო ბინები და არ ისარგებლონ დიასახლისის მომსახურებით.
ვიზიტორთა უმრავლესობა ესწრებოდა ზაფხულის სეზონის დროს დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ პროგრამებს. ტურისტთა 70% კაფე-ბარებსა და სასადილოებს სტუმრობდა. რესტორნებს 22%, დანარჩენნი სახლში თავად იმზადებდნენ სადილს. მომსახურების დონით 62% კმაყოფილია.
600 გამოკითხული ვიზიროტიდან მხოლოდ სამი გააჩერა საპატრულო პოლიციამ და ერთს ჯარიმა გამოუწერა. ტურისტები უსაფრთხოების უზრუნველყოფას უმაღლესი ქულით აფასებენ.
ტურისტებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ტაქსისტთა მომსახურება, ასევე მატარებლის გამცილებელთა არაკორექტულობა. ვიზიტორთა 66% გაგებით ეკიდება ბათუმში ინფრასტუქტურის მშენებლობის გამო არსებულ დაბრკოლებებს, 21% ფიქრობს, რომ სამუშაოები უკეთესად შეიძლება დაიგეგმოს და ნაკლები დაბრკოლება შეექმნათ მათ.
ტურისტთა 17% ქვიშის პლაჟების არარსებობას ცუდ ფაქტორად ასახელებს, ხოლო 24% წყლის მიწოდების შეწყვეტამ გააღიზიანა. ვიზიტორთა მხოლოდ 7% ეწვია ისტორიულ ძეგლებს, მუზეუმებს, ბოტანიკურ ბაღსა და ეროვნულ პარკებს.
ვიზიტორთა 77%-ს არსებული ფასები გადაჭარბებულად ძვირად მიაჩნიათ და რეგიონის ტურისტული პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე ზეგავლენის ფაქტორად ასახელებენ.
ბათუმის საშემოდგომო უიკენდის პროგრამით დაინტერესება უმეტესად ახალგაზრდობამ გამოთქვა, რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატებოდა. გამოკითხულთა შორის 32% უცხოელი, ხოლო დანარჩენნი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.