1-ელ ნოემბერს, 11 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", "პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისათვის" (PSI) „საზოგადოებრივ განხილვათა მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში მორიგი საჯარო დისკუსია: "ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა, კმაყოფილება და საფრთხეები", გაიმართებს.
დისკუსია გაიმართება სამი კვლევის შედეგებისა და სსიპ „ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური"-ს სტატისტიკის საფუძველზე. კვლევები ჩატარდა 2010 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია ACT Research -ის, გამოყენებითი კვლევების კომპანია ARC-ის და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ახალი სამსახურის - „სადაზღვევო გზამკვლევის" მიერ.
შესწავლილ იქნა როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ქალაქების მოსახლეობის დაზღვევის მომსახურებით სარგებლობის ინტენსიურობა, კმაყოფილების ხარისხი, გამოკვეთილი პრობლემები და ა.შ.
განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებულმა კვლევებმა, პრაქტიკულად, იდენტური შედეგები გამოავლინა. კერძოდ, კვლევათა შედეგებმა ცხადყო, რომ მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურების კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია და მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი მაღალია.
ამავდროულად თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე.
კვლევის ავტორთა განმარტებით, შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს, სადაზღვევო ინდუსტრიის და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დროულ და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს, რათა დაზღვეული მოსახლეობის კმაყოფილების გაუარესების ტენდენციამ არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი და არ გამოიწვიოს როგორც არსებულ დაზღვეულთა უკმაყოფილების შემდგომი ზრდა, ასევე მომავალში დასაზღვევი ჯგუფების იმედგაცრუება და ნიჰილისტური დამოკიდებულება სადაზღვევო მომსახურების მიმართ.
ამ გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების, დაზღვევის მომხმარებლის უფლებების დაცვის, მათი ინფორმირების და ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში ამოქმედდა ახალი სამსახური - „სადაზღვევო გზამკვლევი", რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს გაუწევს შესაბამის კონსულტაციას, დაეხმარება მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებასა და პრობლემების გადაჭრაში.
ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, მთავრობის, ეროვნული ბანკის, სადაზღვევო კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.