მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
წულუკიანის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ქუჩაში მყოფი დამქაშები, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც მიზეზები გააჩინონ.
"ყველანი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები, რადგან ეს არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება. თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი. "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ. პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.
პროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.