17-21 ნოემბერს, მალტაში არქივების 41-ე საერთაშორისო კონფერენცია _ "21-ე საუკუნის არქივისტი. განათლებისა და სწავლების ახალი სტრატეგია~ _ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მალტაში გაემგზავრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან არქივების საერთაშორისო ასოციაცია, მალტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო და მალტის ეროვნული არქივი.
კონფერენციაზე იმსჯელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე არქივის შესაძლებლობების გაზრდაში. შეხვედრაზე ექსპერტები წარადგენენ ახალ იდეებსა და ახლებურ მიდგომას არქივისტების განათლების სფეროს განვითარებაში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქვეყნის არქივის დელეგაცია. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.