თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან და ასევე უგულებელყოფისგან, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის საგანგებო მონიტორინგის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშულია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვიზიტის მიმდინარეობისას შენიშნეს შემთხვევები, როდესაც პერსონალი უყვიროდა, უხეშად მიმართავდა და პასუხობდა პაციენტებს.
"შემოწმების დროს ჯგუფმა მიიღო არაერთი ინფორმაცია დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხევევების შესახებ. პაციენტები საუბრობდნენ ცემაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მედიკამენტების დაფხვნილი სახით ძალით პირში ჩაყრაზე, ინექციების იძულებით გაკეთების პრაქტიკაზე და ამ პროცესში პაციენტების მონაწილეობაზე, მათ შორის, ქალი პაციენტებისთვის ინექციების იძულებით გაკეთების პროცესში კაცი პაციენტების მონაწილეობის შემთხვევებზე. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა დაწესებულებაში პაციენტის მიღების დროს, კერძოდ, პაციენტებს ექცევიან უხეშად და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას“, - წერია ანგარიშში და აღნიშნულია რომ დაწესებულებაში ასევე ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს.
"პრობლემურია დაწესებულების პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და კვალიფიკაცია, ასევე, პაციენტებისგან მომდინარე რისკების შეფასებისა და შემცირების ეფექტიანი სისტემის არარსებობა. პაციენტების განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც პერსონალი სათანადოდ ვერ რეაგირებს პაციენტებს შორის კონფლიქტებზე და დროულად ვერ ახერხებს სიტუაციის განმუხტვას. ასე მაგალითად, პაციენტებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ შემთხვევაში, ერთმა პაციენტმა ცოცხი დაარტყა მეორეს და თმით ქაჩავდა, თუმცა პერსონალმა ვერ შეძლო მათი დროულად გაშველება, რადგან საკვებს მიირთმევდნენ. ერთ შემთხვევაში კი პაციენტი აღნიშნავდა, რომ პერსონალი საერთოდ არ მივიდა მის დასახმარებლად, როდესაც სხვა პაციენტი მას სცემდა. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა პაციენტებს შორის კონფლიქტების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაადგინა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი არის დაწესებულების საერთო სივრცეების და პალატების დალაგება. პაციენტები ცდილობენ მოიპოვონ დალაგების უფლება პერსონალისგან, რადგან დალაგების შემთხვევაში, პერსონალი მათ აძლევს სიგარეტს და დამატებით საკვებს, რომელიც კვების რაციონში არ არის",- წერია ანგარიშში.