სენეგალმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინის პირველი დოზები მიიღო.
პირველ ეტაპზე, სენეგალმა ასტრაზენეკას ვაქცინის 324 000 დოზა მიიღო.
ჯამში სენეგალი Covax-ისგან 1.3 მილიონ დოზას მოელის.
მანამდე, დასავლეთ აფრიკულმა ქვეყანამ ჩინური კომპანია Sinopharm-ისგან 200 000 დოზა შეისყიდა და გასულ კვირას დაიწყო მოსახლეობის იმუნიზაციის პროგრამა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, სენეგალში ჩინური წარმოების ვაქცინით, ამ დროისთვის დაახლოებით 40 ათასი ადამიანი აიცრა.
სენეგალი, 16-მილიონიანი მოსახლეობით, მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც Covax-ის მეშვეობით მიიღო ვაქცინა. მანამდე ვაქცინის პირველი დოზები ჩავიდა ნიგერიაში, განასა და კოტ-დ'ივუარში, რომლებმაც უკვე დაიწყეს მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.
პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.