რატომ ჩაიწერა "პოლიტიკური მართლმსაჯულება" ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შემუშავებულ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საუბარი უნდა გაგრძელდეს - ამის შესახებ განმარტება "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ გააკეთა.
მისი განცხადებით, დოკუმენტი შედგა მხარეთა მოსმენის შედეგად და, კონკრეტულად, ეს პუნქტი ოპოზიციის პოზიციას ასახავს.
"ჩვენ იქ ვერ ვნახავთ ვერცერთ გვარს და, საერთოდ, სიტყვას პოლიტიკურ პატიმრებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეს 6 პუნქტი გახლავთ შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია და ის 6 საკითხი, რომელზეც ის მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ყველამ იცის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ეს არის საკითხი, რომელიც მან მოისმინა ოპოზიციის მხრიდან და მიიჩნევს აუცილებლად, რომ ამ საკითხზე მოხდეს დიალოგი და საბოლოოდ ჩამოყალიბება, არის თუ არ არის და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ამ კუთხით მოხდეს შეთანხმება. იქ არ არის საუბარი, რომ მსგავსი ფაქტი არსებობს, არ არის ნახსენები ტერმინი - პოლიტიკური პატიმრები, მით უმეტეს, არც გვარები", - განაცხადა კუჭავამ