31 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოს ყველა სკოლაში, 2010-2011 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება.
ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას ორგანიზატორები საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები არიან. რესურს-ცენტრები განიხილავენ პირველ ტურთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადებსაც.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიდის მეორე და მესამე ტურს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდება.
ოლიმპიადის პირველი ტური გამოვლენს მეორე ტურის მონაწილეებს - ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელიც ოლიმპიადის პირველ ტურში, შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტს დააგროვებს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია, ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა, სასკოლო რეფორმის ხელშეწყობა, სასკოლო ცხოვრების სტიმულირება, მოსწავლეების, პედაგოგების, სასწავლო პროცესის წახალისება და საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის.