მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალური ქსელით ავრცელებს.
AstraZeneca-ს ვაქცინის 21 600 დოზა მოლდოვამ რუმინეთისგან საჩუქრად მიიღო. სულ რუმინეთი მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გადასცემს.
მაია სანდუ მადლობას უხდის რუმინეთს გულუხვი საჩუქრისთვის.
"რუმინეთისგან მიღებული ვაქცინით უპირველეს ყოვლისა აიცრებიან ექიმები, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანები და პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მყოფები", - განაცხადა მაია სანდუმ.
მისივე თქმით, მოლდოვაში ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.