27 თებერვალს 6 წელი გავიდა კრემლის ყველაზე აქტიური კრიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობიდან
ბორის ნემცოვის მკვლელობის დღეს ყოველწლიურად ტარდებოდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა, მაგრამ წელს მოსკოვის მერიამ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საბაბით, არ გასცა მსვლელობისთვის სანქცია.
ტრადიციული მსვლელობის ორგანიზატორებმა მერიას სთხოვეს, მოქალაქეებისთვის ნემცოვის მკვლელობის ადგილას ყვავილების მიტანის ნება დაერთო.
ნემცოვის თანამოაზრემ, ილია იაშინმა ყველას მოუწოდა, ვისაც სურს პატივი მიაგოს პოლიტიკოსის ხსოვნას, მოსკვორეცკის ხიდზე მოვიდეს პლაკატების გარეშე და აღნიშნა, რომ ეს არის "მემორიალური ღონისძიება" და არა მსვლელობა.
მოსკოვში ნემცოვის ხსოვნას რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიაგო პატივი. მემორიალურ ცერემონიას დაესწრო რამდენიმე დასავლეთის ქვეყნის ელჩი, მათ შორის შეერთებული შტატებისა და გაერთინებული სამეფოსი.
მოკლული პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვა ქალაქებში: ნიჟნი ნოვგოროდი - პოლიტიკოსის სამშობლო, ეკატერინბურგი, ირკუტსკი, ნოვოსიბირსკი, ჩელიაბინსკი.
დაგეგმილია მემორიალური ღონისძიებები მთელ მსოფლიოში - პრაღაში, ბერლინში, ამსტერდამში, ვენაში, ვილნიუსში, კიოლნში, ლაიფციგში, ჰააგაში, კოპენჰაგენში, ბოსტონში, ვაშინგტონში.
ნემცოვის მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული ხსოვნის ღონისძიება, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახებს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ როგორ უპირისპირდება კრემლი თავის კრიტიკოსებს.
ბორის ნემცოვი ელცინის მთავრობის ვიცე-პრემიერი, პუტინის აქტიური კრიტიკოსი იყო და იგი ცდილობდა ეფექტური ოპოზიციური ძალის შექმნას.
ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს, ხიდზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
2017 წლის ივლისში მოსკოვის სასამართლომ 5 ადამიანს ჩეჩნეთის რეგიონიდან ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ნემცოვის ახლობლები და თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ მისი მკვლელობა ბევრად მაღალ ეშელონებში დაიგეგმა და მართლმსაჯულება მხოლოდ ფორმალურად აღსრულდა.