ვაშინგტონი გააგრძელებს მცდელობებს, რათა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესიული ქმედებებისთვის. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენი ამ განცხადებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავს გამოეხმაურა.
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს პასუხს უკრაინაში განხორციელებული ძალადობისა და აგრესიისთვის. შეერთებული შტატები არ აღიარებს და არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიის მცდელობას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულ იქნა 2014 წლის 18 მარტს.
ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია.
უკრაინაში 26 თებერვალს აღინიშნება "ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღე". სწორედ 2014 წლის 26 თებერვალს პრორუსმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს პარლამენტი და მოითხოვეს რეფერენდუმი ყირიმის დამოუკიდებლობის თაობაზე. მომდევნო დღეებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები.
2014 წლის 1-ელ მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეიარაღებული ნაწილების შეყვანაზე რუსული ინტერესების დაცვის მიზნით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე. 11 მარტს მარიონეტულმა ყირიმის უმაღლესი საბჭოსა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი რეზოლუცია, რითიც მათ ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
16 მარტს პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი - ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
2014 წლის 18 მარტს ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.