შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჰელსინკის კომისიის" ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს.
"როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის" მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული.
მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად“, - აცხადებენ კომისიის წამყვანი კანონმდებლები.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა. კომისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ის აერთიანებს სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ასევე თითო წევრს სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტებიდან.