ახალი სამარშრუტო ხაზების დადგენაზე, მის რეგულაციაზე, წესებზე და საფასურზე გადაწყვეტილებას თბილისის მერია მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება დღეს საკრებულომ 32 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო.
როგორც რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი განმარტავს, საკრებულომ უფლებამოსილება მოხსნა და თავისი უფლებამოვალეობები მერიას გადასცა.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის კონკურსის პირობების განსაზღვრა თბილისის მერიას გადასცა, ის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავებს საკონკურსო პირობების გამოცხადებაზე და კონკურსის გამოცხადებიდან ერთ თვეში ჩატარდება კონკურსიც. თუმცა ჯოხაძე ვერ აკონკრეტებს, რა დროისთვის მოხერხდება საკონკურსო პირობების შემუშავება. მისი განმარტებით, დღეს მიკროავტობუსები 198 მარშუტზე მოძრაობენ, ხოლო კონკურსისა და ოპტიმიზაციის შემდეგ დაახლოებით 220 სამარშრუტო ხაზი ამოქმედდება.
"პირობას ვდებ, რომ ის მძღოლები, რომლებიც დღეისთვის არსებულ სამარშუტო ხაზებზე იყვნენ გადანაწილებულნი, უმუშევრად არ დარჩებიან და ოპტიმიზაციის შემდეგ ისევ იმუშავებენ. ბაზარზე მძღოლებზე და სამარშრუტო ტაქსებზე მოთხოვნა იქნება და შესაბამისად ახალი კადრების დამატებაც იქნება საჭირო", _ განაცხადა მან.
ჯოხაზის განმარტებით, 1-ლი ნოემბრიდან თბილისის მასშტაბით მოძრავი 125 საავტობუსო ხაზიდან მხოლოდ 92 დარჩება. როგორც ჯოხაძე განმარტავს, მთლიან საავტობუსო ხაზს მხოლოდ 100 ავტობუსი გამოაკლდება, ხოლო დარჩენილი ავტობუსები მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა საავტობუსო ხაზზე გადანაწილდებიან.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის განმარტებით, ავტობუსებში დღეისთვის გამოკრულია სპეციალური ბანერები, სადაც განთავსებულია ინფორმაცია, თუ რომელი საავტობუსო ხაზი უქმდება და რომელი იცვლის მარშრუტს. როგორც ჯოხაძე განმარტავს, მგზავრს 1-ლი ნოემბრიდან შეფერხება არ შეექმნება. ის მძღოლები, რომელთა საავტობუსო ხაზი გაუქმდება, დროებით უმუშევარნი იქნებიან, ხოლო სამარშრუტო ხაზების ოპტიმიზაციის შემდეგ სამარშრუტო ტაქსებზე დაკავდებიან. მერია მკაცრ ნორმებს აამოქმედებს და ის მძღოლი, რომელიც მოძრაობას შორის ინტერვალს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. ჯოხაძე პირობას დებს, რომ როგორც სამარშრუტო ტაქსები, ასევე მიკროავტობუსები მკაცრი ინტერვალით იმოძრავებენ, რათა მგზავრთა გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნას.