ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ნიკანორ მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო, ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში.
„ეს არის სახელმწიფო, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლის უზენაესობას, კანონის უზენაესობას.
რაც შეეხება ნიკანორ მელიას – მიუხედავად იმისა, რომ ის გამოირჩეოდა, სისხლის სამართლის ენაზე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი, განსაკუთრებით, ძალაუფლების დაბრუნების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა, თავისთავად, არის მტკივნეული.
თუმცა, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით შეგახსენებთ შემდეგს (მხოლოდ ფაქტებს):
ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიტიკური მოტივით, 2012 წელს აკოტრებდა კერძო ბანკს.
2019 წელს ორგანიზებას უწევდა საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორგანიზებას უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრას და პოლიციელებზე ძალადობას;
იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი;
სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა იმით, რისი მცდელობისთვისაც წაყენებული აქვს ბრალი – ძალადობრივი რევოლუციით;
დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს;
შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს;
მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა ნაციონალური მოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარედ;
პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“.
არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი.
სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო.
თუმცა, სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა.
დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.
მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება.
რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.