საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაურკვეველ ვითარებაში, წამებით მოკლეს.
მეორე დღეს, ოკუპაციური რეჟიმის დე ფაქტო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩილ ტატუნაშვილმა დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვა. ეს ვერსია მოგვიანებით რუსეთის ექსპერტიზამაც გაიმეორა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოში გადმოსვენების შემდგომაც ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობით დაზიანებები აღენიშნებოდა, რამაც გამორიცხა რუსეთისა და ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმის ექსპერტიზის შედეგების ჭეშმარიტება.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.
2018 წლის 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნული პირები ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან.
2018 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე.
მანამდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით და მიმართა მთავრობას, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც.