არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დილით წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.