მოძრაობა "სირცხვილია" პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"გულისამაჩუყებელი" ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი.
და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია".
სხვებს კი, ვისაც ამ ქვეყანაში ყველაფრის იმედი დაკარგული გაქვთ, გეტყვით, რომ ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება", - ვკითხულობთ "სირცხვილიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.