"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდა, დაემორჩილოს კანონს.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაპატიმრებას.
"პრემიერის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული მთავრობის ახალი გუნდის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.