გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, გიორგი გახარია იყო პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
"გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი - სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თუ არა თავისი სახე. გუნდის დანარჩენი ნაწილის პასუხი ამაზე იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არაა უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დამნაშავეები მას ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულება შეუწყობს ხელს პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება“, - განაცხადა კობახიძემ.