„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისვლის მიზანია, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს ნიკა მელიას.
„დღეს აქ მოვედი, რათა ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებთან კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის სოლიდარობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გვაქვს ნიკა მელიას მიმართ, გამოვხატოთ ჩვენი მისდამი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომელსაც თვითონ ნამდვილად გადაყვება, მაგრამ ამით ძალიან გაამწვავებს ქვეყანაში ვითარებას. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ახლა არის ვითარება, როდესაც არ შეიძლება, ნეიტრალური იყო. ან უნდა იყო,,,ქართული ოცნების“ მხარეს, არ ვიცი, რა არგუმენტით, ან ოპოზიციის მხარეს. თავად ნიკას ფიგურა, რომელსაც არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ გვიმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის დავაჩაგვრინოთ.
მოვისმინეთ პროკურორის განცხადება, სასამართლომ თუ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს აღსრულებაო. ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ, თუნდაც თქვენი აქ ყოფნის პერიოდში როგორ აპირებენ ოფისში შემოვარდნას? ჩვენ ოფისს არ დავტოვებთ, ჩვენ ხომ ნიკა მელიას ასე მძევლად არ ავაყვანინებთ ხელისუფლებას, როგორც ეს გააკეთეს მელაშვილისა და ილიჩოვას შემთხვევაში.
არ არის ნიკა მელია დამნაშავე, თორემ დამნაშავე რომ იყოს, ჩვენ ასე ხმამაღლა არ ვისაუბრებდით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არანაირი ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ დაგვჭირდება, თუ არადა, მე ასე ვიდგები და გამწიოს აბა პოლიციამ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.